Thursday, January 22, 2009

ვაჟა–ფშაველა მწერლის ფსევდონიმია. ამ ქვეყანას იგი ლუკა რაზიკაშვილად მოევლინა. დაიბადა ფშავში, მდინარე ჩარგლურას პირად მდგარ პატარა ქვითკირის სახლში. ლუკას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ორი – ბაჩავა და თედოც ცნობილი მწერლები გახდნენ. მათი მამა , პავლე, მღვდელი იყო. დედა, გულქანი – წერა–კითხვის უცოდინარი ქალი, მაგრამ დიდად ნიჭიერი. ვაჟა–ფშაველას გადმოცემით, დედამისი ყოფილა ,,შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახისა გამკითხველი, მეზობლის დამხმარე". წიგნის სიყვარული შვილებს მამამ ჩაუნერგა, მისგანვე შეითვისეს პირდაპირობა, სიზარმაცის სიძულვილი, ვაჟკაცობის დაფასება. პოეტის დედა მშვენიერი მოსაუბრე ყოფილა. ლუკა რაზიკაშვილს ყოველთვის ახსოვდა დედის ერთი მონათხრობი, რომელიც ყმაწვილქალობის დროის ხილვა-მოჩვენებას აცოცხლებდა ( ეს ამბავი ძალიან წააგავს ბიბლიური იაკობის მიერ ზეციური კიბისა და ანგელოზების ხილვას) : ,, მთელი ცა განათებული იყო, ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და სეთ მწკეპრ ( წმინდა ) ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყური “. რვა წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ოჯახურ წრეში სულიერებას ნაზიარები ყმაწვილი სწავლების უსულგულო სისტემას, გაუთავებელ ზუთხვას ვერ შეეგუა. ,, მე ბუხარში ვიჯექი და იქიდან ვუცქერდი საშინელებას. დიახ, ბუხარი იყო ჩემი სკამი მთელი ორი წელი, რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისთვის, და ერთთავად ნაცარში ამოგანგლული ვიკექი“, იგონებდა შემდეგ მწერალი. კიდევ კარგი, პატარა ლუკას ,, ვეფხისტყაოსნის“, საქართველოს ისტორიის, საგმირო ნაწარმოებების და მსოფლიო მწერლობის საუკეთესო ქმნილებათა სულისკვეთება მამისგან რომ ჰქონდა შეთვისებული! პატარა ფშაველა თავისი ლექსების რვეული მიუტანა ცნობის მწერალს-ანტონ ფურცელაძეს, ვისგანაც ქების სიტყვები მოისმინა და წახალისდა. ამ დროს ლუკა თბილისში სწავლობს. შემდეგ მეცადინეობას გორის საოსტატო სემინარიაში განაგრძობს. მას სულ უფრო იტაცებს მხატვრული ლიტერატურა. ბევრს მუშაობს. მის ნაწერებს აქებენ სერგეი მესხი, სოფრომ მგალობლიშვილი. წერილებსა და ლექსებს ბეჭდავს გაზეთ ,,დროებასა“ და ჟურნალ ,,იმედში“. შემდგომ ვაჟა მასწავლებლობას იწყებს. ცოტა ხნის შემდეგ კი, 1883 წელს, პეტერბურგს მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად. იქ ცოდნას მოწყურებულ ახალგაზრდას მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, უსახსრობის გამო ,,კოჭლად წაუვა საქმე“ და მეორე წელს სამშობლოში ბრუნდება. აქედან იქყება მისი მძიმე და მშფოთვარე ცხოვრება. ,, ღმერთთან მოლაპარაკე “ გენიოსს დღიურ ლუკმაზე უხდება ზრუნვა. 1890 წელს ერთ თვეში გარდაიცვალნენ ვაჟას მამა და დედა. მერე ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და იქ გაატარა დარჩენილი სიცოცხლის წლები. ოჯახის რჩენა ძალზე გაძნელდა. მქირდავი და ცილისწამებელი ბევრი აღმოჩნდა, ხელისგამმართველი -ცოტა.საბედნიეროდ, ვაჟას მწერლურ ნიჭს ისეთი დამფასებელი გამოუჩნდა, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო. ილია ყოველნაირად ცდილობდა მისი მდგომარეობის შემსუბუქებას, მაგრამ მძიმე ცხოვრების ჭაპანი პოეტს მაინც მარტოს უნდა ეზიდა. წვრილშვილს რჩენა, მოვლა-პატრონობა სჭირდება და ,,ალუდა ქეთელაურის“ , ,,სტუმარ-მასპინძლის“, ,,გველისჭამელის“, ,,ბახტრიუნის“ ავტორი მიხლჩაუხრელად შრომობს-ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს... მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ, მრავალი განსაცდელის მიუხედავად, ვაჟა წამითაც არ უღალატებს თავის ზნეობრივ მრწამსს, ,,ბილწს არ შაეკვრის ზავითა“. ახლოვდება ავბედითო 1995 წელი. ჯერ აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. მის დასაფლავებას ვაჟა-ფშაველა ავადმყოფის გამო ვერ დაესწრო. ამავე წლის მაისში ვაჟას გაუმართეს ლიტერატურული საღამო და მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით- ,,ქართული პოეზიის არწივს“. ამავე 1995 წლის 7 ივლისს წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე პოეტმა მთის წყალი ინატრა. უკანასკნელი სურვილი შიო მღვიმელმა და სანდრო რაზიკაშვილმა შეუსრულეს. ქალაქის მესვეურებმა გადაწყვიტეს: ,, დაუვიწყარი ვაჟა დაკრძალულ იქნეს დიდუბის ეკლესიაში“. ასეც მოხდა. ოცი წლის შემდეგ მადლიერმა შთამომავლობამ მის ნეშტს მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო ადგილსამყოფელი.